Chevrolet-მა, Ford-მა და Toyota-მ ამერიკული სარბოლო სერიების უმაღლესი დივიზიონის, NASCAR Cup Series-თვის Next Gen სარბოლო მანქანები წარმოადგინეს.

ავტომობილები დიდწილად თავიანთ საგზაო თანამოძმეებს ჰგვანან, აქვთ ნახშირბადის ბოჭკოს სიმეტრიული კომპოზიტური ძარა უფრო მოკლე უკანა განაკიდით. მოდელები ასევე აღჭურვილია ვენტილირებადი კაპოტით, გვერდითა გამოსაბოლქვი მილით და უკანა დიფუზორით აეროდინამიკის გაუმჯობესების მიზნით.

ცვლილებები ამით არ მთავრდება — მანქანებს აქვთ განახლებული ფანჯრები და განიერი უკანა ღერძის ლიანდი. ასევე ნახავთ 18-ინჩიან ალუმინის დისკებს, რომლებიც აქამდე არსებულ 15-ინჩიანთან შედარებით გაცილებით უკეთესად გამოიყურება.

მართალია, სამივე მანქანას ბევრი აქვს საერთო, მაგრამ აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული წინა და უკანა მომჭერები შეკეთების უფრო გაადვილების მიზნით. თითოეული მათგანი ძლიერ ჰგავს საკუთარ საგზაო ვარიანტს, რაც ამ სარბოლო მანქანებს უფრო ავთენტურ იერს აძლევს.

დიზაინის ცვლილების გარდა, Next Gen სარბოლო მანქანები დაშენებულია თანამედროვე არქიტექტურაზე და აქვთ დამოუკიდებელი უკანა საკიდარი, რომელმაც აქამდე არსებული მყარი ხიდის კონფიგურაცია ჩაანაცვლა. მანქანები ასევე აღჭურვილია ლარტყული გადაცემის საჭის სისტემით, დიდი მუხრუჭებით და ხუთსიჩქარიანი თანამიმდევრობითი ტრანსმისიით.

ენერგიას გამოიმუშავებს ნაცნობი V8 ძრავა, რომელსაც 550 ან 670 ცხენის ძალა აქვს — ეს მაჩვენებელი ტრასაზეა დამოკიდებული.

სამივე სარბოლო მანქანა ტრასაზე მომავალ წელს, თებერვალში, Daytona 500-ზე გამოჩნდება.

რომელი მათგანია თქვენი ფავორიტი?