BMW აქტიურად ემზადება 2023 წლის IMSA SportsCar ჩემპიონატისთვის და LMDh პროტოტიპის თიზერსაც აქვეყნებს.
რამდენიმე თვის წინ, გერმანულმა ავტომწარმოებელმა გვამცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან Le Mans Daytona Hybrid კლასს უნდა შეუერთდეს. სარბოლო მანქანაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და BMW Motorsport-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამ მანქანის წამიერ კადრსაც მოჰკრავთ თვალს.
LMDh prototype-ის წინა ნაწილში დომინირებს თირკმლისებრი მასიური ცხაურა მეწამული აქცენტებით. BMW-ს დიზაინერებმა პროტოტიპს ასევე მისცეს მასიური წინა გამყოფი და უზარმაზარი კანარდის წყვილი, რომელიც მას ავტოდრომზე მოძრაობაში დაეხმარება. ფოტოზე ასევე ჩანს, რომ პროტოტიპს აქვს მკვეთრი LED ფარები.
როგორც თიზერზე ჩანს, პროტოტიპს ექნება გამოკვეთილი წინა და უკანა თვლების „ბორცვები“ და ვიწრო კაბინა. თიზერზე შესამჩნევ სხვა ელემენტებს შორის არის სახურავის ჰაერმიმღები, აეროდინამიკური ფრთა სარკეები და დიდი უკანა ფრთა.
IMSA SportsCar ჩემპიონატზე BMW ორი პროტოტიპით იასპარეზებს, რომლებიც Dallara-ს მიერ წარმოებულ სავალ ნაწილს გამოიყენებენ. პირველ სატესტო მანქანას იტალიაში, Dallara-ს საწარმოში ააწყობენ BMW M Motorsport-ისა და Dallara-ს ინჟინრები, დებიუტი კი 2022 წელს შედგება ვარნაოს წრიულ რბოლაზე.
Dallara ერთ-ერთია ჩემპიონატის სერიებისთვის სავალი ნაწილების მწარმოებელი ოთხი დამტკიცებული კომპანიიდან; დანარჩენ სამს შორის არის ORECA, Multimatic-ი და Ligier-ი. BMW ჯერჯერობით არაფერს ამბობს მისი სარბოლო მანქანის ძალური აგრეგატის დეტალებზე.