Nissan Ariya, რომლის საჭესთანაც შოტლანდიელი თავგადასავლების მაძიებელი კრის რემსი იჯდება, 27 000 კილომეტრს გაივლის, რათა პირველი ავტომობილი გახდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტრომობილზე, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსამდე გაივლის.

„პოლუსიდან პოლუსამდე“ თავგადასავალი სტარტს 2023 წლის მარტში აიღებს. გუნდი ჩრდილოეთ პოლუსიდან დაიძვრება, გადაკვეთს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, შემდეგ ანტარქტიდაზე გადავა და ბოლოს სამხრეთ პოლუსთან მივა. ამ გრძელ ტურნეში მათ შეხვდებათ თოვლით დაფარული მყინვარული ლანდშაფტი, მთები, უდაბნოს ვრცელი დიუნები და -30⁰C-დან 30⁰C-მდე ტემპერატურა.

Nissan Ariya, რომელსაც ექსპედიციაში გამოიყენებენ, უკვე ვიხილეთ რამდენიმე ესკიზში, სადაც მისი ვიზუალური მოდიფიკაციები იყო ასახული. საგზაო ვერსიაში შესულ ცვლილებებს შორის იქნება დიდი თვლები და გადიდებული გამავლობის საბურავები, საკიდრების ახალი კონფიგურაცია, უხეში სხეული, პლასტიკის მოპირკეთება ბორბლების თაღებზე და სახურავზე დაყენებული სტრუქტურა დამატებითი LED-ებით.

Nissan არ ასახელებს ელექტრო ძალური აგრეგატის რაიმე განახლებას და შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მანქანას ექნება 90 kWh ბატარეები და ორი ძრავა, რომლებიც ჯამში 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. რთულ რელიეფზე მოქმედებაში მოვა Nissan-ის e-4ORCE ელექტრო ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა; მიუხედავად ამისა, ელექტრომანქანით ასე შორ მანძილზე მოგზაურობას აუცილებლად დასჭირდება ხშირი გაჩერება და დატენვა.

გარდა ამ სპეციალურად მომზადებული SUV-ისა, ექსპედიციაში ასევე იქნება Ariya e-4ORCE, რომელიც დამხმარე მანქანის როლს შეასრულებს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

კრის რემსი ელექტრომობილებით თავგადასავლებს უკვე ათ წელიწადზე მეტია ეძებს. 2015 წელს მან Nissan Leaf-ით 2615 კილომეტრი გაიარა ბრიტანეთის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილიდან სამხრეთამდე. 2017 წელს კი მან და მისმა ცოლმა საკუთარი Nissan Leaf-ით 16 000 კმ გაიარეს და პირველი გუნდი გახდნენ, რომელმაც Mongol Rally ელექტრომობილით შეასრულა.

„პოლუსიდან-პოლუსამდე ექსპედიციაში ჩვენი მისიაა ყველას ვაჩვენოთ, რომ ელექტრომობილებს ურთულესი გარემოს დაძლევა შეუძლიათ, პოლუსების უკიდურესი სიცივიდან სამხრეთ ამერიკის ცხელი ჯუნგლების ჩათვლით“, — ამბობს კრის რემსი.