Chevrolet-ის ელექტრო რევოლუცია უფრო დიდ ფოკუსში ექცევა — კომპანიამ 2024 წლის Blazer EV წარმოადგინა, ოფიციალური დებიუტი კი 18 ივლისს შედგება.
პერფორმანსზე ორიენტირებული SS ვარიანტი არც ერთ შიგაწვის ძრავიან მოდელს არ ჰგავს და აქვს სპორტული წინა ბამპერი განათებული ემბლემით. იქვეა გამოკვეთილი შავი „ბარი“, რომლებსაც აქეთ-იქით სრულად დახურული ჰაერმიმღებები აქვს.
უკან ჩანს პრიალა შავი ზედაპირი და დენადი ძარა. აღსანიშნავია წინა ფრთაზე მოთავსებული სატენის პორტი, რომელიც წინა თიზერებშიც ვიხილეთ.
სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის თამამი საქარე მინა, რომელიც ნაზად გადადის დამრეც სახურავში. მოდელს ასევე აქვს აეროდინამიკური გვერდითი გარსშემომდენები, ორტონიანი ალუმინის დისკები და დენადი ხაზი, რომელიც Volkswagen ID.4-ს მოგვაგონებს.
მიუხედავად იმისა, რომ Chevrolet-ს უკანა ნაწილის ან ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, მალულად გადაღებულ სურათებზე ჩანს, რომ მოდელს ექნება მოკლე უკანა საქარე მინა და ვიწრო გაბარიტული ფარები. სალონი მაღალტექნოლოგიური უნდა იყოს, ციფრული მაჩვენებელთა დაფითა და მოზრდილი საინფორმაციო-გასართობი სისტემით.
დამატებით ცნობებს Chevrolet შემდეგ თვეში მოგვახსენებს, მაგრამ აცხადებს, რომ მოდელი „ნულიდან არის შექმნილი“ და შემოგვთავაზებს „დიზაინის, პერფორმანსისა და ტექნოლოგიების ინოვაციურ ნაზავს“. Blazer EV დაფუძნებული იქნება Ultium პლატფორმაზე და სავარაუდოდ, გარკვეული მსგავსებები ექნება Cadillac Lyriq-თან.
მდიდრულ ელექტრო ქროსოვერს ექნება 100 kWh ბატარეები, რომლებიც უკან ჩამონტაჟებულ 340-ცხენისძალიან ძრავას კვებავენ. ერთი დატენვით მანქანა 502 კილომეტრს დაფარავს.
მოდელის ფასი ამ ეტაპზე უცნობია.