თვეობით მიმდინარე მითქმა-მოთქმის შემდეგ, VW Group-ი ოფიციალურად ადასტურებს, რომ Audi და Porsche ფორმულა ერთის ჩემპიონატს შეუერთდება. ახალი ამბავი საზოგადოებას კომპანიის ხელმძღვანელმა, ჰერბერტ დისმა VW Group-ის YouTube-არხზე გასულ გადაცემაში საუბრისას ამცნო.

Reuters-ის ცნობით, კომპანიის შეფმა აღნიშნა, რომ F1-ისთვის Porsche-ს სამზადისი ცოტა უფრო კონკრეტული იყო, ვიდრე Audi-ს. F1-ში ორივე ბრენდის შესვლის გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიოში ამ სპორტის პოპულარობის ზრდაა, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებსაც 2026 წელს ასამოქმედებელი რეგულაციები გვპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰერბერტ დისი დეტალებს არ აკონკრეტებს, უკვე ცნობილია გარკვეული გეგმები F1-ში VW Group-ის პირველი ჩართულობის შესახებ. Porsche გრძელვადიანი პარტნიორობის გაფორმებას Red Bull-თან გეგმავს. F1 აქტიურად მიემართება სინთეტიკური საწვავისკენ და ვიცით ისიც, რომ ელექტრიფიკაციასთან ერთად, ალტერნატიული მომავლის სახით, Porsche-მ ამ ტექნოლოგიაში უკვე განახორციელა ინვესტიცია.

Audi-მ შეიძლება წილი იყიდოს McLaren F1-ში

გავრცელებული ინფორმაციით, Audi სხვანაირ გზას ირჩევს და McLaren-ს ყიდვისთვის 500 მილიონ ევროს სთავაზობს. მოლაპარაკებები ამჟამად პროცესშია და დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გერმანულ ბრენდს F1-ში შესვლა გაუადვილდება. ჰერბერტ დისის განცხადებით, ეს შეიძლება 2026 წელს მოხდეს.