ინტერნეტში დამაინტრიგებელი ფოტო ვრცელდება, რომელზეც სავარაუდოდ, განახლებული BMW X7-ია ასახული, რომელიც ბაზარზე 2023 წლის მოდელად უნდა გავიდეს.

გერმანული ავტომწარმოებელი ახალ X7-ზე დიდი ხანია მუშაობს და გასული წლის განმავლობაში, ინტერნეტში ბევრჯერ გამოჩნდა პროტოტიპებისთვის მალულად გადაღებული ფოტოები. როგორც ეს პროტოტიპები ცხადყოფდა, განახლებულ SUV-ს გაყოფილი ფარები ექნება. სწორედ ასეთი ფარები ჩანს ამ ახალ ფოტოზეც.

ფოტო iX Forums-ზე გამოქვეყნდა და სოციალურ მედიაში გავრცელდა, მაგრამ მისი ავთენტურობა ჯერ არ დასტურდება. გამოცემა Carscoops-მა მის შესახებ BMW-ს ჰკითხა, მაგრამ კომპანიამ განაცხადა, რომ ჯერ არაფერი გამოუქვეყნებიათ ისეთი, რაზეც კომენტარს გააკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ფოტო რეალური, დიდი ალბათობით ძლიერ ჰგავს იმას, რასაც ახალი X7-ის ვიზუალისგან უნდა ველოდეთ. გაყოფილი ფარები ზედა სექციაში მოიცავს დღისით მოძრაობის LED ფარებსაც, ქვედა სექციაში კი ძირითადი ფარებია განლაგებული.

შესულია სხვა მრავალი ცვლილებაც. მაგალითად, BMW-მ X7 აღჭურვა განახლებული წინა ბამპერითა და ჰაერმიმღებებით. რაიმე აშკარა ცვლილება არ ჩანს თირკმლის ფორმის დიდ ცხაურაში. დანარჩენი სხვაობები, რაც ფოტოზე ჩანს, არის სამკუთხედის ფორმის პატარა ცხაურა წინა თვლების თაღებს უკან და ახალი დისკები. ასევე მოსალოდნელია ახალი უკანა გაბარიტული ფარები.

განახლებული SUV-ის შესახებ სხვა დეტალთა უმეტესობა უცნობია. არსებობს მცირე ეჭვი, რომ გარკვეული განახლებები შევა ინტერიერშიც, რაც გულისხმობს iX-სა და i4 არსებულის მსგავს მოღუნულ დისპლეის და ა. შ.

ჯერ არც ძალური აგრეგატის დეტალებია დაზუსტებული, მაგრამ სავარაუდოდ, ახალი X7 სხვადასხვა სახის ძრავებით იქნება ხელმისაწვდომი; შეიძლება ვიხილოთ დატენვადი ჰიბრიდი მოდელიც. დაზუსტებით კი ის არის ცნობილი, რომ განახლებული მოდელის საკუთარ ვერსიაზე უკვე მუშაობს Alpina, რომელსაც XB7 ერქმევა. ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა ის უკვე რამდენჯერმე გამოიჭირეს.