ლუის ჰამილტონმა Mercedes-თან კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა. როდესაც კონტრაქტი დასრულდება, ანუ 2023 წელს, ჰამილტონი 39 წლის იქნება და ალბათ უკვე 10-ზე მეტგზის ჩემპიონი, რომელსაც 11 წელზე მეტი ექნება გატარებული გუნდში, რომლის სახელითაც მან თავის ამჟამინდელი შვიდი ტიტულიდან ექვსი მოიგო.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ საოცარ გუნდში უკვე ცხრა წელი გავატარე და მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ ორი წლით გაგრძელდება. ერთად ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს მისაღწევი, როგორც ტრეკზე, ისე მის მიღმა. წარმოუდგენლად ამაყი და Mercedes-ის მადლობელი ვარ, რომ მხარს მიჭერდა და მიჭერს“, — აღნიშნა ჰამილტონმა კონტრაქტის ხელმოწერისას.

გადაწყვეტილებით აღფრთოვანებას ვერ ფარავდა Mercedes-ის გუნდის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფიც.

„2022 წლიდან ფორმულა ერთის ახალ ერაში შევდივართ და ჩვენს გუნდს ლუისზე უკეთესი მძღოლი ნამდვილად ვერ გვეყოლება. ამ სპორტში მისი მიღწევები თავად ღაღადებენ. მისი გამოცდილება, სიჩქარე და ოსტატობა მისი ძალაუფლების მწვერვალია“, — აღნიშნა ვოლფმა.

ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთის ერთადერთი შავკანიანი მძღოლია და აქტიურად ახმოვანებს მრავალფეროვნებასა და რასობრივ თანასწორობას ამ სპორტში.

მიხაელ შუმახერის მსგავსად, ისიც უკვე ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰამილტონის ანაზღაურება წელიწადში 55 მილიონი დოლარი იქნება.