Suzuki-ს მოტოციკლებსა და ავტომობილებში კარგი გამოცდილება აქვს და ამის მაგალითია ახალი კონცეპტი Vision Gran Turismo-ც. ციფრული კონცეპტი განასახიერებს ოთხივე წამყვანი თვლის მქონე როდსტერს, რომელიც Hayabusa ძრავასა და სამ ელექტროძრავას იყენებს.

Suzuki Vision GT თითქოს უსახურავო Swift-ს ჰგავს, სრულიად მოშიშვლებული ორსავარძლიანი სალონოთა და გამოკვეთილი სხეულით. Suzuki-ს განცხადებით, დიზაინერების შთაგონების წყარო იყო Cappuccino-c. თუმცა, გარე დიზაინის გარდა, ამ ორს ბევრი არაფერი აქვთ საერთო.

დიდი ცხაურის, ბამპერების ჰაერმიმიღებებისა და აგრესიული ფარების გამო, Vision GT-ის წინა ნაწილი ძლიერ ჰგავს Swift Sport-ისას. შუაძრავიანი მანქანის კვალობაზე, კაპოტი ცოტა გრძელია, მაგრამ მოკლე, უსვეტებო საქარე მინა და სახურავის არარსებობა დრამატულ პროპორციებს უზრუნველყოფს. უკან, LED გაბარიტული ფარები Devon GTX-ს მოგვაგონებს, ფართო დიფუზორი ცენტრში დაყენებული ორი გამოსაბოლქვი მილით კი აშკარას ხდის, რომ ის ელექტრომანქანა არ არის.

სალონში ძალიან მარტივი განლაგება აქვს ხელსაწყოთა პანელს; საჭის ორივე მხარეს ნახავთ სარკის ჩამნაცვლებელ კამერებს. იქვეა Start/Stop ღილაკი. მძღოლს წვდომა აქვს საზომ ხელსაწყოთა გამჭვირვალე, ციფრულ დაფასთან და სხვა არაფერთან, რადგან ასეთ მანქანაში საინფორმაციო მახასიათებლები სულ არ დაგჭირდებათ.

რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, ეს სავარაუდოდ კონცეპტის საუკეთესო ნაწილია. Hayabusa-ს 1,340cc ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავა სალონის უკანაა დამონტაჟებული და სამ ელექტროძრავასთან ერთად მუშაობს — ორი წინ და ერთი უკან. ჯამში ისინი 426 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. სარბოლო ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, კონცეპტი სულ რაღაც 970 კილოგრამს იწონის.

სამწუხაროდ, Suzuki Vision Gran Turismo წარმოებისთვის არ არის განკუთვნილი და მხოლოდ ციფრულ სამყაროში დარჩება. კონცეპტი მიეკუთვნება Polyphony Digital-ის ბოლო განახლებათა ნაწილს, რომელიც Sony Playstation კონსოლებზეა ხელმისაწვდომი.